მე ასე ვიყავი მოწყობილი ..


მე ასე ვიყავი მოწყობილი.
არეულად.
ჩემთვის წმინდანი ხარო თითქმის-
მითხრა ჩემმა უცნაურმა მეგობარმა.
და მე შემრცხვა,
რომ წმინდანი არ ვარ. 
ფარფატა პეპელასავითაც კი არ ვარ,
თავზე კეკლუცად გადაჭერილი ბაფთით და
საყვარლად გაბუტული ტუჩებით.
მე ასე ვიყავი მოწყობილი-
როგორც ფერებარეული კუბიკის-რუბიკი.
მთელი ცხოვრება მწვანესთან შეხამებული წითლის დისკომფორტით. 
ჩემს მეგობარს მხოლოდ მწვანე ფერი უყვარს,ოდავ მოხავსისფერო, გამშრალი და დაფშვნილი ფოთლების ფერი.
ის სულ გადარბენებზეა
და მეც მეათასედ ვისმენ ხოლმე მხოლოდ ხმას,რომ..
არა და, სულაც არ ვარ წმინდანი.
თოვლის ქალიც კი არ ვარ.
არც ოქტომბრის დილით ეზოში აგროვებული ყვითელი ფოთლების გროვა.
ინდურ ჩაიში ჩაყრილი შაქარივით ვარ,
როცა ვერ ხვდები, საკმარისია სიტკბო,თუ
ოდნავ აკლია სიზუსტემდე.
ჩამსხვრეული ვიტრაჟივით ვარ,
ხმაურით რომ გაიშლება იატაკზე და არ იცი,
გული დაგწყდეს,
თუ ასეც ლამაზია, სანამ მოგვიან და ნაგავში ჩაუძახებენ.
რაღაც, ორ სიზუსტეს შორის მოქცეული დაბნეულობა-
მე ასე ვიყავი მოწყობილი.
ძალიან, ძალიან ვწუხვარ,
თუ ვინმეს იმედი არ გაგიმართლეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი