საზიზღარი გასათრევია ცხოვრება ..
საზიზღარი გასათრევია ცხოვრება. საზიზღარი გარიგებაა ეს ორი მცნება- ცხოვრება და ადამიანი. ბრძოლაა, რომელშიც ძალიან პირობითია ყველა დამარცხება,თუ გამარჯვება, პირობითი და მირაჟული- გაიმარჯვე რომ გგონია, რომ მიუახლოვდები და სულ სხვა რამ აღმოჩნდება. ან პირიქით. და სულ ასე, ბოლომდე. რადგან ბილწი მეთოდები აქვს ცხოვრებას- შიმშილით გებრძვის, სიცივით, პატივმოყვარეობით. თან ისე შენიღბულად ამ უკანასკნელით. ყველა კი ვერ უძლებს. ყველა კი ვერ ხვდება. ისე ძნელია არ შეცდე,არ აჰყვე ცდუნებას, სხვა არ მოატყუო, თავი არ მოიტყუო და არ გაურიგდე ყველაზე ფლიდ მტერს. შევჩერდები ხოლმე და შემეშინდება, ვაი თუ აქ ვერ მივმხვდარიყავი, დავბრმავებულიყავი, ყრუ გავმხდარიყავი, ბნელი და ღამე გავმხდარიყავი, - სულ სხვა ვინმე რომ იღვიძებ დილით- ცხოვრებასთან გარიგებული, ვითომ რაღაცას მიღწეული, ვითომ რაღაც პედესტალზე მდგომი. რა ბედნიერებაა, რა სუფთა ჰაერია, რომ შეგიძლია აიტანო შიმშილიც, სიცივეც, ფეხებზე გეკიდოს ყველა ჩინ-მედალი და გყავდეს ასეთი, თუნდაც თითებზე ჩამოსათვლელი მეგობარი გვერდით, ვისაც შენი ესმის და უპირობოდ სჯერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი