მე მენახირე ვარ ..
მე მენახირე ვარ. საქონლის ჯოგს მივერეკები. მივერეკები და ვუსმენ, როგორ ზმუიან და ბღავიან. ვუსმენ და ვდუმვარ. ზოგჯერ მგონია, ახლა, ამ წუთას, ამ პირუტყვმა, ჩემი დუმილის გაიგო, ახლა, ეს თვალები, ადამიანის გახდება, შემომხედავს და ზუსტ სიტყვას მეტყვის, მაგრამ ყოველთვის ვცდები. ჩემი ნახირიდან ვერავინ გახდა ადამიანი. მე მხოლოდ ვჭირდებოდი მათ- ყველამ უკვე იცოდა სისხლის გემო. ყველა ძალით მექაჩებოდა თავისკენ. მე მენახირე ვარ. საქონლის ჯოგს მივერეკები. უფრო ხშირად კი ჯოგი მიმდენის, რადგან მე ასეთი ვარ- უკუღმართი და ქალი. ყველა პირუტყვი კი მგელი გამოდგა. ყველა პირუტყვი ნადირი გამოდგა - გამთენიისას, როდესაც შიათ, მოდიან და ჩემს სხეულს ჭამენ. მე მენახირე ვარ- უკუღმართი და ქალი. მე არ ვიცი დილით როგორ ვდგები. არც ის ვიცი, ერთხელ როდის არ გათენდება. მე მხოლოდ ვიცი, რომ ხვადი მგელი, როცა იქნება, ბოლომდე დამლევს მენახირის ჯერ კიდევ თბილ სისხლს. და წავა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი