გადაშენდნენ სიჩუმეები ..


გადაშენდნენ სიჩუმეები.
დინოზავრებივით გადაშენდნენ.
ბრტყელი, მოუქნელი ფეხების სასაცილო ტყაპუნით.
-რაღა დროს ჩვენი დროა?!-
თქვეს ძალიან ხმადაბლა და
გადაშენდნენ გამოზომილად,
როგორც სიზმრებში წყლის ზედაპირზე სიარულია,
როცა მხოლოდ ძილი გაკავებს ზუსტი სიმძიმით-
წყალს ტერფები ისე შეახო,
რომ მხოლოდ სველი იგრძნო სიგრილე.

გადაშენდნენ სუჩუმეები.
ცხრა მთის იქით ისე უხმოდ გადაიკარგნენ,
როგორც გარეთ შეუმჩნევლად იწყებს თენებას.
როგორც სიტყვა "ნისლს" გამოცვლის სიტყვა "რიჟრაჟი"
და მერე, უცებ, ყველა სიტყვა აყაყანდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი