ლექსის კაცი


შენ არ იყავი სიტყვის კაცი- ნათქვამი სიტყვის,
ქაღალდზე მკრთალად დაწერილი სიტყვა იყავი.
შენ თხელ ფურცელზე ამოთქმული გრძნობა იყავი,
ფარატინა და თეთრი ლექსი, სადაც "ტკივილი",
ბოლოს რატომღაც ერითმება სიტყვას - "გივიწყებ."
რა მოხდა მერე, დაწერილი და არნათქვამი,
ან სულაც- ყელში ამოსული სიტყვაც- სიტყვაა...
შენ შავი ღრუბლის კაცი იყავ, ღამესთან ერთად
მოდიოდი და ჩემს სიცხეში უცებ შრებოდი,
თუ ვეღარ გთმობდი,- იყო მხოლოდ მცირე დეტალი.
შენ დეტალების არ გჯეროდა და მოთმინებით
მიხსნიდი- მხოლოდ ღმერთის გწამს და თუ სანეტარო
სასუფეველი გინდა- მარტომ უნდა ილოცო.
 
შენ ვერ იარე გულით- ეგ გზა არ უხვევს მთისკენ,
სადაც სავალი ციცაბოა. რაც უფრო მაღლა
ადიხარ- გიჭირს სუნთქვა,მერე გადაღლილ მუხლებს,
გადაღლილ თითებს, და საერთოდ- გადაღლილ სხეულს,
გაორებული კაცის სახე უჭირს ატაროს.
შენ გაჩერდი და მოიგონე გამოსავალი-
მთის ძირას ქვისგან აიშენე პატარა სახლი,
გამოაზამთრე მზე და მერე ვითომ მაჩუქე,
ღრუბლისკენ ვიწროდ აჭრილ გზაზე გამიშვი მარტოდ,
მწუხრის ლოცვებით დამკვიდრებულ სასუფევლიდან.
მე კი ტუჩებით დაგითვალე ყველა ნეკნი და
რომ არსად გაკლდი- გაუხუნდა ფერი ნაჩუქარ
მზესავით თვალებს. ჩამობნელდა და მერე უცებ,
სადაც შენ ლექსის კაცად დარჩი, მე კი ძალიან
ქალი, -ან სულაც- მე უბრალოდ ქალი აღმოვჩნდი-
ცა იქ დამთავრდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი