მოდი


მოდი. დამადე მუხლებზე თავი.
მე მოგიყვები დათოვლილ ზღაპარს:
ფიჭვებს რომ ბამბის ქულებით რთავენ
და ოდნავ ბჟუტავს დაღლილი ჭრაქი.
რომ იანვარსაც სცოდნია სითბო,
გაზაფხულივით დახეთქვა კვირტის,
როცა ვიღაცა მოდის და თითქოს
ყელს დანასავით მობჯენილ სიტყვებს
ისე სათუთად...
და ისე ფრთხილად
გიშუშებს-
ათას სიცოცხლეს ნატრობ...
აღარ გჭირდება ახსნა და ფიცი,
აღარ გაშინებს ღმერთი და ხატი,
მიწა-
ტერფქვეშ რომ გეწვოდა ხშირად,
დრო-
რომ გესროდა ღალატის მარცვლებს
მიჯრით
და აღარ გტკივა რომ ქალი
გქვია...
რომ ხარ და...ჯვარს მაინც გაცვა
სულ სხვა დღეებმა...
ახლა კი მხოლოდ,
მინდა ზღაპარი ათოვდეს ქედებს-
ბჟუტავდეს ჭრაქი
და შენ ჩემს ფერმკთალ
მუხლებზე თავი ბავშვივით გედოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი