ჰერბარიუმის გაზაფხული
არ დამითვალო, წავალ მაინც- არ დავმთავრდები. აღარ დამცალო ტკბილი შხამით შევსილი ჭიქა, ნუ ამიხირებ, ჩემი ფერი არის თავდები- ჰერბარიუმის გაზაფხული დადგა მიწაზე. ნახე, გამხმარი ყვავილები იკვირტებიან, რაფაზე ჩიტი ვეღარ თბება თიხის სხივებით, ვდგავარ სარკის წინ და მძივივით მეხვევა ყელთან გაურკვევლობით გაჟღენთილი დილის სიფხიზლე. ნახე- ვიხრჩობი, ნელა-ნელა. მშვიდად. ლამაზად. დღის ზედაპირზე ვიწროვდება სიმეტრიული ყველა კანონის ზუსტი რკალი, ყველა მორალი, მერე რა მოხდა, თუ ვიხრჩობი, აქ ფაქტიურად მთავარი არის შეასრულო ნაპოვნი როლი, რაც უთხოვნელად გადმოგეცა, რომ ბრმად ათრიო. რა მოხდა მერე, თუ არ გყოფნის გათვლილი სუნთქვა, ეგ არაფერი, თუ ფანჯრებთან დატოვე სითბო მკვდარი ჩიტივით. დამივიწყე. გადამიშალე. მეც ზღვასთან ერთად მოქცევისას შავად ვიმღვრევი, ფსკერზე ჩაგითრევ. დაგიმარხავ. მერე სიმლაშით, გამოვიფიტავ ბაგეებზე ნაჩვევ ღიმილსაც. მე მოგადექი სულ სხვა, უცხო ნაპირებიდან. შენ დამინახე - ჩემი ფერი დადგა თავდებად და სანამ წავალ, გადამიდე სისხლით მისანი და გზააბნეულს საბოლოოდ შემომათენდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი