ამიენის წვიმა
მუდამ ასეთი ამინდები ხდებოდა, _ სველი, _ როცა ვცხოვრობდი ამიენში, და მეგობრებს ნოსტალგიურ წერილებს ვწერდი. მე სხვა არცერთი კონკრეტული ამინდი მაშინ არ მინატრია. ზოგჯერ ვტოვებდი ამიენის გაჟღენთილ კედლებს, წიგნებს, რვეულებს, იატაკზე გაფანტულ ფურცლებს, და გავრბოდი წვიმიანი მატარებლებით სადღაც, ლიონთან ძალიან ახლოს, რომ მის ხელებში ჩამერგო თავი და ყველაფერი ჩუმად მეამბო: ნესტიანი წუხილები, მობეზრებული საფიქრალები, და მასზე უფრო საკუთარი არსად არავინ და არაფერი რომ არ გამაჩნდა. ზურგჩანთაში ყოველთვის მქონდა მხოლოდ მისთვის გადანახული ათასი ძველი, ანდა უსაგნო, უხილავი ხარახურა: გაზეთებიდან ამოჭრილი ფოტოები, შავზე თეთრად ამოკაწრული ჩემი ბავშვობის მოგონებები, ლამაზი ქვები, სადღაც ნაპოვნი სათამაშო, ჩემი მეგობრის მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი წერილები, ამიენის ნოტრ-დამიდან მოპარული ორღანის ხმები, რამდენიმე ახალი ლექსი, ყველა მუდამ ერთნაირად რომ იწყებოდა, არ მჭირდებოდა ამაზე ზუსტი, საუკეთესო, და ძვირფასი დასაწყისი: “ Seulement pour toi”… მაგრამ ყოველთვის, ამიენიდან ლიონამდე, და ლიონიდან ამიენამდე, მიმქონდა და ისევ ისე მომქონდა უკან ეს ყველაფერი. მის ხელებში თავჩარგული უსასრულოდ ვიძირებოდი სიჩუმის ჭაში, და ერთიანად მავიწყდებოდა მის ხელებამდე მოტანილი ჩემი სამყარო. მხოლოდ ლექსების პირველ და უცვლელ სტრიქონებს ჩუმად ვუმეორებდი: “ Seulement pour toi”… “ Seulement pour toi”… სხვა ყველაფერი იყო სადღაც, და ამიენის კედლებზე მძიმე. იგი ფრთხილად მიშრობდა სველ თმებს, მეფერებოდა, და კიდევ ერთხელ, “ამიენის წვიმას” მარქმევდა. მე ვბრუნდებოდი უკან ჩუმი, სევდიანი, და ნაცრისფერი ნაკვალევით: ამიენის წვიმა. 16 მაისი. 2005 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი