მე, კუნიკო და კუნასრა
დიდ, ვარდისფერ და ძველებურ სახლში ვცხოვრობთ სამნი: მე, კუნიკო და კუნასარა. ყოველი კვირის მესამე დღეს სხვადასხვაფრად ვიღებავთ ფრჩხილებს, და ღამ-ღამობით ჭრელ აბრეშუმში გახვეულები ჩვენი თეთრი აივნიდან ავყურებთ მთვარეს. ძალიან მშვიდად, უხმაუროდ, სათამაშოებივით ვცხოვრობთ. ყველაფერი უფრო ზუსტია კუნიკოს ენაზე. მასთან მეც უფრო ზუსტი ვარ და კონკრეტული. აქაურობა თითქოს სიზმრებით შეკერილი უცნაური სამოსია. სახლები კუთხეაპრეხილი სახურავებით, ადამიანები-ვიწრო თვალებით ლაპარაკობენ. სიტყვები უცხო, წახნაგოვანი და ჭრელი მოზაიკაა, ვაგროვებ და ვერ ვიმახსოვრებ. არაფერი არ მტკენს თვალებს: საითაც გაიხედავ, ყველაფერი კუნიკოსავით ზუსტია და სხვანაირი. ხანდახან ფართოდ ვშლი ხელებს და მისი მზერის მწვანე მოლზე გაწოლილი მზეში ვბანაობ. აქ დღეები მეტისმეტად ჰგვანან ერთმანეთს თავიანთი შინაგანი და რიტმული მრავალფეროვნებით. საღამოობით ვლაპარაკობთ ყველაფერზე, მე ყურადღებით ვუსმენ, ვუსმენ, ბოლომდე ვუსმენ, მერე ვაგროვებ მათ მოზაიკას და ჩემებურ ამბებს ვაწყობ. კუნიკოს უყვარს კაფკა, მუზილი, პაულ ცელანის “მარგარეტე”, და თავისი გერმანულის მასწავლებელი. კუნასარა კი შროშანას მკრთალი სურნელივით ნაზია და მოსაფრთხილებელი, თითქოს ლოტოსის ყვავილში ცხოვრობს. ისეთი თეთრი და ლამაზია, კაცს ეგონება, დედამიწას საქორწილო სამკაულივით უკეთიაო. ნეტა შემეძლოს, ეს ყველაფერი ჯიბეებში ჩავიწყო და ჯადოსნური უხილავი ქოლგასავით ყველგან ვატარო... სადაც ძალიან გავიფანტები, სადაც ძალიან დამჭირდება, იქ გავშალო, იქ შევეფარო, და დავიჯერო, რომ ისევ ისე იმ დიდ, ვარდისფერ და ძველებურ სახლში ვცხოვრობთ სამნი: მე, კუნიკო და კუნასარა. 22.11. _ 02.12. 2004 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი