ყველასხვა
ეს გუშინ დაღამდა, როცა წვიმდა, და კინოს სახლში 40 წუთიანი სენტიმენტალური “წვეთები” ვნახე... მერე დარბაზში თითქმის დამრჩა ჩემი ქოლგა და ფოტოაპარატი. ჩემი საყვარელი რეჟისორი კი ფანტომებიდან იაფფასიან კლიპებსა და შიდსის საწინააღმდეგო რეკლამებზე გადავიდა. ეს გუშინ დაღამდა. როცა სახლში დაბრუნებამდე კარგა ხნით ადრე მთელი სიზუსტით დავიბრუნე ჩემი სამყარო: სადაც უკვე სულერთი იყო, ყველასხვასთვის ვინ ვიქნებოდი, მენათია თუ დაღლილი კაცი, სამუდამოდ რომ მიაკერეს ჰორიზონტზე ბრინჯის პლანტაციებს, იქ, სადაც ყველასხვაზე მეტად მეშინია ატიპიური პნევმონიის... ეს გუშინ დაღამდა. სადაც ყველსახვა ადამიანი გრაციოზული მოძრაობით _ “ერთიც დამისხით, თუ შეიძლება”, _ კიდევ ითხოვდა ერთ ჭიქა ჰაერს. ეს გუშინ დაღამდა. ხოლო წვიმამბამ რა იცოდა, რომ ჯვარს ვიწერდი ლურჯთვალება, კუზიან ფარაონზე და შეკრებილი სტუმრები კი გულმხურვალე დალოცვის ნიშნად საზეიმო შეძახილებით ბოლომდე ცლიდნენ თითო ჭიქა ჰაერს, და ხმადაბლა მასწავლიდნენ, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ფარაონის ერთგული ცოლი, და ყოველდღე უნდა მეამბო თითო ლამაზი ზღაპარი თოვლზე. ეს გუშინ დაღამდა. დღეს კი ყველასხვა ადამიანს ჩემი თვალებით ვუმეორებ ამოჩემებულ, კროსვორდივით ამოუხსნელ კალეიდოსკოპს, _ მენათია ლურჯთვალება და კუზიანი ფარაონის ერთგული ცოლი. 05.11.2004წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი