შენი გრამაფონი


თავს შემოვაფარებ ხოლმე ხანდახან
მძიმე ფარდებით ჩამოჩრდილულ
შენს იდუმალ ოთახს,
რომელიც არ გაქვს,
და ძალიან გინდა,რომ გქონდეს...
ვათვალიერებ თაროებზე შენი ხელით ჩამორიგებულ
საყვარელ წიგნებს,
რომლებიც არ გაქვს,
და ძალიან გინდა,რომ გქონდეს...
არარსებულ კედელზე დაკიდული
ერთი არარსებული სურათიდან
მეორეზე ვინაცვლებ-თვალებით...
შენ მშვიდად ხარ მოკალათებული
იმ ძველისძველ და დიდ სავარძელში,
რომელსაც ნატრობ,
რომელიც არ გაქვს,
და ძალიან გინდა, რომ გქონდეს...
Fიქრისთვის-
ბუხრიდან გამოქცეული სინათლით
კედლებზე ათამაშებული ჩრდილებიც გყოფნის...
შენი თვალები
არარსებული ბუხრის სითბოს მიმეორებენ...
მოვდივარ შენთან,
ფრთხილად გადებ მუხლებზე თავს და
შენთან ერთად ვუსმენ,
როგორ უკრავს
არარსებული ოთახის კუთხეში
არარსებული,ძველისძველი გრამაფონი
ყველაზე დიდ და
განსხვავებულ სიჩუმეს...



6.03.2002

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი