კუნიკო
მას ყველაზე დიდი და მწვანე თვალები აქვს მთელს იაპონიაში. მისი კანი ყველაზე თეთრია და ნაზი, მისი ღიმილი_ყველაზე თბილი და სხვანაირი. მისი ჩალისფერი თმები ნიავთან მოთამაშე ჯადოსნურ ბუმბულზე ფაფუკი და რბილია. უცხო რაინდები თეთრ და ვარდისფერ ბამბის ფთილებს ჰპირდებიან საქორწილოდ, და ღამ-ღამობით ჩალის დაწნული ფანჯრების უკან აყვავებული ალუბლის ტოტებს და ბარათებს უტოვებენ კუნიკოს... მისი თვალების აბრეშუმზე მანდარინის ბაღები და მათზე გაწოლილი ცისარტყელა ხატია... უზარმაზარი დაფნის ხის ჩრდილში, მრგვალ მაგიდასთან წაკითხულ წიგნებს ჩამავალი მზის სხივებს უამბობს... ალბათ მის ჭაღზე ისევ ჰკიდია თვრამეტი თუ ცხრამეტი წლის წინ რომ მოვაგროვე იმ ნიჟარებით გაკეთებული წკრიალა სათამაშო... მთვარის კალენდრით მეშვიდე თვე რომ დაიწყება, მე მივალ მასთან, კიდევ ერთხელ გადმოვიხატავ მისი სამყაროს ამოუხსნელ იეროგლიფებს, მრგვალ მაგიდასთან მისი მაღალი, უცნაური ჩაის ჭიქებით დავლევთ ჩაის, ერთად მოვუსმენთ ბამბუკის წვრილად დაწნულ ფარდებში გაბმულ ძველი საათის წიკწიკს, და მონატრებულს, კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ მას ყველაზე დიდი და მწვანე თვალები აქვს მთელს იაპონიაში. 22.07. 2004.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი