სავსე მაქვს ჯიბეები ..
სავსე მაქვს ჯიბეები დაბზარული აგურის კედლებით. ისე გავრბივარ ჯინსის ტოტებაკეცილი, თითქოს სხვისთვის მღეროდეს ეს ხმაჩახლეჩილი კაცი. გავრბივარ, და მამაჩემის თითებიდან, და ტანსაცმლიდან გამოწოვილი თამბაქოს სუნით ვაფერადებ ველის გვირილებს. აქ უფრო მტკივა! აქ ყველაზე სევდიანი მინდორია. მერე არ თქვა,რომ არ გინახავს ყვითელი გვირილები! სავსე მაქვს ჯიბეები დაბზარული აგურის კედლებით, დროდადრო მათში სარკესავით ვიხედები, და პოლიტიკური რუკის ფერებით ვიღებავ სახეს. დღეს ანტარქტიდა მომიხდება საერთო ფონად. თვალის კუთხეში-ინდოეთის ოკეანე. და მარცხენა საფეთქელთან-არაბეთის ნახევარკუნძული. მერე არ თქვა,რომ არ დამკარგე! ვარ უსაყვარლეს აგურის კედელს მიყრდნობილი, ზღვის ნიჟარაში,ზღვისას კი არა, ჩემს ხმას ვუსმენ და, მერე შენ არ თქვა, რომ შენთან ყოფნა არ მინატრია! მერე შენ არ თქვა,რომ ეძებე და ვერ წააწყდი საკუთარ თავს ჩემს რუკაზე! მერე შენ არ თქვა,რომ ხელს გიშლიდნენ ეს დაბზარული აგურის კედლები! ჩემი ფრჩხილების,და სურვილების, და მინდვრების სითეთრე ხომ იმაზე უფრო შორს წაგიყვანდა, ვიდრე მიყვარხარ. 1.05.06
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი