უკანასკნელი იენი


აღარ ვცხოვრობ იაპონიაში.
ჩემი ლურჯი კიმონოთი
მეზობლებმა იატაკი გაწმინდეს და
ზღურბლთან ფეხსაცმლის გასაწმენდად
გაფინეს.
აღარ ვცხოვრობ იაპონიაში.
ჩემი პორცენალის ფიალებით
ბავშვები სტუმრობანას თამაშობენ.
დამავიწყდა ყვითელი პაპირუსის კლდეები
და სიკიბუ მურასაკის ზღაპრები.
აღარ მესიზმრებიან
ჩაის ფინჯნებში ჩაძინებული დრაკონები.
აღარავინ მჩუქნის
სოამის ბაღებში დაკრეფილ ირისებს.
აღარ ვცხოვრობ იაპონიაში.
აღარავინ დამხატავს
მოგამის ნაპირზე,
მტვერი დაედო
იონესაბურო მაცუმოტოს პორტრეტს,
და ხიდის ბოლოს
ჩემი გადიდებული თვალები და დასავლეთი მელოდება.

21. 06. 2004

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი