შოთა იათაშვილს


მესიზმრა შოთა იათაშვილი,
და ქალაქი - შოთა იათაშვილებით დასახლებული.
მთავარ ქუჩაზე,ყოველ ათ მეტრში
თითო შოთა იათაშვილი იდგა,
და გაწვდილ ხელში
ლამპიონის რძისფერი ნათურა ეჭირა.
ყველა ფანჯარაში თითო შოთა იყო გადმომდგარი,
და ტროტუარზე მიმავალ საკუთარ თავს
თვალებმოჭუტული დასცქეროდა.
ეს სამი,
ანდა ოთხი წლის წინ მესიზმრა,
როცა ჟორჟმა ლექციაზე გვითხრა,
რომ ბაღში
შოთა,მისი მეუღლე და პატარა
შოთა იათაშვილები
უნდა ენახა.
მერე,უკვე დიდი ხნის მერე,
როცა ფილარმონიის პირდაპირ,
ერთი ტონალობის ქუჩაზე
განსხვავებული კინოკადრივით ჩაკერებულ
შოთას ოჯახს მოვკარი თვალი,
ჩემი სიზმარი გამახსენდა და
გამეცინა.
ეს სიზმარი მედგა თვალწინ მაშინაც,როცა
ჩემი მეგობარი CD-ის საყიდლად იყო გასული,
ხოლო შოთა „ბჰაგავატ გიტაზე“
ზაფხულზე,ჟორჟზე,
და დანარჩენ ალტერნატიულ თემებზე
ლაპარაკობდა.
მე ჩემს სიზმარზე ვფიქრობდი და
მეცინებოდა.
ასე იყო მაშინაც,როცა წარმოვიდგინე,
რომ მწვანე ქურთუკის დიდი ჯიბეებიდან
თავისი ცოლი და პატარა
შოთა იათაშვილები ამოესხა,
ერთმანეთისთვის ხელი უნდა ჩაეკიდათ,
და სახლში ისე უნდა
წასულიყვნენ.
ეს სიზმარი გამახსენდა
რამდენიმე დღის წინაც,
როცა მისთვის რაღაცნაირად შეუფერებელ
დიდ დარბაზში
კარგი პოეტის არც თუ ისე კარგი თარგმანების
შემდეგ
ის თავის ლექსებს კითხულობდა
ვერის ბაღის რომელიღაც ოფიციანტზე,
სევდიან და ლურჯ 12 ნომერ ავტობუსზე,
და არ გამცინებია,
რადგან მართლა სიზმრიდან მოლაპარაკეს ჰგავდა
ეს,თბილ და უცნაურტემბრიანი,
გამხდარი და გრძელი,
თითქოს ასანთის ღერებისგან აწყობილი
კაცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი