მიწისკაცი
(ანუ წითელქუდას ზღაპარი მხოლოდ ჩემთვის) აი,ნახე მაინც ყველაზე ჩვეულებრივი წითელქუდასავით მშვიდად ვიჯდები შენ წინ, თუ ისევ მოგინდება ჩემი შეჭმა. აი,ნახე, სულ არ აბღავლდებიან ჩემს კალათში შეშინებული ბავშვებივით შენი ხელის თითებიდან მოკრეფილი ქამა სოკოები. მე არ ვარ ის 3 წლის პატარა და სულელი გოგო, მუხლებდაბერილი წითელი რეიტუზი რომ ეცვა, ალუბლის მურაბით რომ ჰქონდა ცხვირ-პირი მოთხუპნული, პირველად რომ შემოგხვდა და ბებიამისივით გემრიელად რომ შეახრამუნე. სულ არ მეშინია შენი. მერე რა,რომ კარგად ვხედავ,როგორ მიმჯდარა შენს მუცელში არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეჭმული ბებიაჩემი თავის "ზინგერის"ფირმის საკერავ მანქანასთან და წითელ ტანსაცმელებს მიკერავს. შენი კი არა,შენს მუცელში არახრახებული საკერავი მანქანის ხმა მესმის. "ურდული ასწიე,ბებო გენაცვალოს,და კარი თავისით გაიღებაო",-ეს ადრე მასწავლა ბებომ. შენ გშია და კარის გაღებამდე ვერ მოიცდი. ასე იცით ხორცისმჭამელებმა მინდორში სოკოების საკრეფად გამოსულ საკბილოს რომ გადაეყრებით. მაგრამ მე მართლა არ მეშინია შენი. მართლა გულით მინდა მაგრად, მაგრად მივიხუტო მკერდზე შენი დაღლილი თავი, გიამბო მხოლოდ ჩემთვის გამოგონილი წითელქუდას ზღაპარი , და მოგიშინაურო ყველა ბოროტი მონადირის ჯიბრზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი