კაცი ქვით


მოვიდა კაცი ქვით
და მას შემდეგ ამ აივანს
ცეცხლი უკიდია, ღმერთო.

ვხედავ როგორ დგას
და გამჭვირვალე ხიდებს მიწვდის:
ტირის.

ხან მანდარინის ბაღებს გადმომიფენს,
ხან წაბლის ტყეებს გადმომიშლის.
მე კი სხეულიდან სიტყვების ნაცვლად
ცარცი მცვივა და ცეცხლში ვყრი, ღმერთო.
ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად გოგირდი ჟონავს,
თვალებიდან მარილის ნაცვლად კუპრი მდის და
ჩრდილზე გაცვლილი ჩრდილიც ვეღარ მიცავს, ღმერთო.

ოღონდ ეგაა, აღარაფერი მესმის:
ცეცხლმოდებული აივნიდან
აწივლებულ წიწილებს რომ ვყრი,
დღეები და სურვილებია, სხეულიდან დანით ათლილი,
ჩემი.

ის, კი, ვხედავ, დგას
და ქვებს მიწვდის:
ტირის.

ეს თბილი ნაკადია ხერხემალთან, რაც მიყვარს.
და რაც მტკენს: მისი ფარჩის სამკუთხედი,
ფერდობზე საიმედოდ მიფენილი:
ვერ თმობს.
ეს ხმა და ხელებია, ჩემთვის სამყოფი და საიმედო.
ქვებს რომ მიწვდის და ვერ მიმეტებს.
ეს ნიშნავს: მოვკლა.

პატარა და თბილო წიწილებო,
სანამ დაგმარხავთ, ნორჩი ბალახების ფესვებს გიფენთ თვალებში
და მშვიდი ვარ: ქვას შობს ყველა ნერგი,
ვისაც არ შეხვდა საკუთარი ნიადაგი,
და სიყვარულიც ვალივით მოიხადა, ღმერთო.

მთელი ამ სიმშვიდის მყიფე ქერქი
სიმწრით გადამალულ მარილს ფარავს.
ის კი, ვხედავ, დგას,
ბაღებს და ტყეებს და ხიდებს მიწვდის:
ტირის.

ეს თბილი ნაკადია ხერხემალთან, მკერდთან
და უფრო: რაც მიყვარს.
ეს გამჭვირვალე ხიდებია მისი, ლურჯი.
სადაც ვდგავარ და
მისგან მოწვდილი ქვებით მაქვს სავსე უბე.

ეს არჩევანია ჩემი, საბოლოო.
ვის გაუგონია ასეთი სიყვარული:
თითქოს ფეხდგომელას სხვის სახლში მძინავს
და ღამღამობით ვიღაც, უხილავი,
სეტყვას მაყრის თავზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი