აი, აქ გადის სიყვარული ..


აი, აქ გადის სიყვარული. ეს საზღვარია
ყოფნის ნიშანი. სულ აქ ყოფნა. აღარსად წასვლა.
უზარმაზარი შიშის ჭა და ამ შიშის ჭიდან
სულმოუთქმელად დალეული საფრთხე და სანამ
ამ საზღვარს ჰქვია სიყვარული, ვინ დაგიჯერებს,
რომ მურაბიან ზედაპირზე დაკრულ მწერივით
ეს მიწა გითრევს. ჩაგიბღუჯავს შენც მისი მაჯა
ავადმყოფივით, უყურადებ სახეშეშლილი
ყოველი ბორცვის და მტკაველის სუნთქვას და იცი
მარტო შენია, სულ შენია, ეს გაძლევს ძალას,
გივსებს ძარღვებს და ეს ლაქები ჯერ თბილი სისხლის
დამწვარ მინდორში ჩათესილმა იფქლმა და ღვარძლმა
რომ გაგირჩიოს, სისხლია თუ სხვისი ტალახი,
როგორც სიცოცხლეს, ეჭიდები საზღვრის ერთ ბოლოს.
და უცხო ხორცი შენს ბავშვობას, როგორც სალაფავს
სანამდე შეთქვლეფს და წაბილწავს, უფრო ნაკლები
გრჩება მანძილიც ამ საზღვრამდე: აღარსად წასვლა,
ყოფნის ნიშანი და ჰაერი - გლუვი და მწარე,-
ომი კი არა, დაიჭირეს თითქოს პეპელა
და ჟანგიანი მაკრატლებით ფრთებს უსწორებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი