აფრთხიალებულ ჩიტებს მაყრის ..
აფრთხიალებულ ჩიტებს მაყრის თავზე ეს ქალაქი. ტყეებში ჩატეხილი სარკეებით მირეკლავს და შენს თავს, როგორც ტოტზე დაკიდებულ საქანელას, მოულოდნელად ჩამომიშლის. მე კი არ ვიცი, სად წავიღო ეს უცნაური მუქი ღრუბელი, წისქვილის დოლაბივით რომ მაბია ფეხზე, ფრენას მიშლის და არც გადასაგდებად მემეტება. ყველაზე უბრალო სიყვარული ფეხისგულებზე თიხასავით აგკრობია, სადაც გაივლი, დაუნანებლად ტოვებ: იცი: არასოდეს გამოგილევს კეთილი მამა. დაისვენე: მიწვდი ხელებს, ღამეების უცნაურ გლამურს, და ქოქოსის სურნელოვან რძეს მაწვეთებ ღია ჭრილობაში. გამომყევი: ასფალტზე ტბები და ბანანის ხეები ნაფეხურებივით გრჩება. მპირდები: უკან გამოვლისას დავკრეფთ. რა რბილია. მუჭში ვიგროვებ და ვიტევ შენს ჩრდილს, ზედმიწევნით მოქნილს და მსუბუქს. გტკივა: ცარიელ საქანელას ოდნავშესამჩნევად არხევს თბილი სიო. მე კი მთელი შენი კონტინენტი თითქოს ყელში მქონდეს გაჩხერილი, მუნჯივით, გახევებული ვდგავარ: თურმე ასე: მარტივი და ფეხშიშველია ყველა, ვინც სიმართლე იცის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი