როცა მიყვარხარ ..
როცა მიყვარხარ და მხრებს მხრებზე გატოლებ, იცინი, ამბობ, რომ თუ სწორად ჩაუთქვამ სურვილებს, ფოთლების ნავებს და ფოთლების ხომალდებს მდინარის სულები შველიან. ვიცინი. ასეა, გიჯერებ. სურვილის შერჩევას ისევ შენ განდობ და ფოთლების ხომალდებს ვემშვიდობები და ზურგზე გეყრდნობი და ვისვენებ. გარშემო მდინარე, ტყე და ჭალებია, ყოველ ჩქამს ყურს უგდებ, ამბობ, რომ მდინარის სახლში ვართ. არ მჯერა, არ ჰგავხარ სტუმარს და გარშემო ისე ჩამომსხდარან მდინარის, ბალახის, ხეების სულები, როგორც გასუსული ბავშვები. იცინი: ეს ხელი, ეს მხარი, ეს კანი - გლუვი და პრიალა, ამბობ, რომ ვისია, არ იცი. რომ ვიწრო ბილიკზე მოხუცი შემოგხვდა, გამოგიწოდა და ჩაიცვი. ვიცინი. ამბობ, რომ ჩვენს კეთილ მასპინძელს არ უყვარს სიბნელე. ღიღინებ, ნელ-ნელა ღამდება. ქოხთან კოცონს ანთებ. აივნის კუთხეში თავისთვის კიდია გამხმარი, ჩირივით ასხმული დარდები. ჭილოფზე ვწვები და სანამ დავიძინებ, გისმენ. ამბობ, რომ ვარსკვლავიც, სანამ სულს ჩაჰბერავ, უბრალო მარცვალია ქვიშის. გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს. ეს სუნი მიმყვება ძილშიც. ღამით მოდის ლელას დიდი, შავი დათვი. და ქოხის კუთხეში ჯდება. და თვალს არ მაშორებს და იცდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი