არაფერია დასანახი და მისაგნები
არაფერია დასანახი და მისაგნები. დრო არ არსებობს, არც არსად მიდის. ეს მე მივდივარ, მივედინები. და ვილუკმები უძვლო სიტყვებს, ვტეხ და ვალაგებ სტრიქონებად ყველა სიჩუმეს. ვაშიშვლებ ყველა თვალღია და მშიერ იმედებს. და სანამ ვიღაც, ჩემს უჭერო სახლს შემოუღებს გაცრეცილ კარებს, მზეს მივაფიცხებ, ვამზეურებ საკუთარ ჩრდილებს. ... გეპატიჟებით მარტოობაზე! თუმც ვერაფერი მასპინძლობაა კურცხალი თვალთან, ჭაღარა თმაში, ღიმილში ნაოჭი. და ოთახის ყვავილები ვერ ყვავილობენ მხოლოდ იმიტომ, აკლიათ თურმე კალიუმი ნიადაგში, უმზეობისგან ფერმიხდილები, ფანჯრის რაფიდან უხმობენ მგზავრებს. და ვინაც დღემდე ჩემთან ერთად ამ ნუგბარს აგემოვნებდა, დღეს ამიჯანყდა. და ითხოვს პასუხს კითხვაზე, რომელსაც გავურბოდი მთელი ცხოვრება. ითხოვს სიცარიელის ამოვსებას, ზღაპრის ახდენას, სიზმრის გაცხადებას! და ვიდრე ბედისწერა, ეს ურჩი პოეტი, დამიგებს მახეს, რომ დამანახოს ჩემი სახე, მოვირგებ ნიღაბს, იაფად ნაყიდს მეორადი ნივთების მაღაზიაში. ფრთხილად ვიღებ გარდერობში სადღესასწაულო კაბასავით გადანახულ ჩემს ქალობას ... და ვერ ვირგებ... ნივთად ქცეული სიცარიელე მკარნახობს, რომ გამოვტოვე შესაძლებლობა, ვიყო ქალი. ტკივილებს, სახიფათოდ გაზრდილებს ვუზომავ არტერიულ წნევას, ვატყუებ ტკივილგამაყუჩებელი აბებით და სევდით ვუკრავ ცხელ შუბლს. იდუმალებით შეზავებულ ხილვებში, გვერდით ვუწვები სიკვდილს თავისთავის დაკარგვის სურვილით და შენზე ფიქრით გაჯერებულ გარემოს, ვნების მარილი რომ არ აკლია, ხელისგულებში ვალღვობ. ვსვამ მანძილს ჩვენ რომ გვაშორებს და თვალებში, ფინჯანზე დალექილი ყავის ნალექივით რომ ამომიღამდა, ასანთის ღერით ვახატავ მზეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი