ვახმობ სიტყვებს


ვახმობ სიტყვებს.
(ნედლი არ გიყვარს.)
გიმზეურებ და სიმინდის მარცვლებივით
კაკალ-კაკალ გიფშვნი.
ჩემი გამხმარი სიტყვები დასაფრქვავად მოგიტანე წისქვილო,
ზოგიც ცის ფქვილად,
ზოგიც მიწის ქატოდ.
საღერღელი ამეშალა,
შენთვის გასანდობი ამბები დამიგროვდა.
უცნაური ვინმე ხარ წისქვილო,
ღერღავ და ღიღინებ.
გამოგიტყდები: ვერ ვიცხოვრე შენებურად.
”ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო”
ვერც იმას გეტყვი, რომ შენი ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავს.
ჰო, ნუ დაფრთხები, არ შეყოვნდე,
ჩემზე დარდი ღარში არ გაიჩხირო,
მოდი ჩამოვფრქვათ.
შენ წყლის მითხარი, მე მიწისას გაგანდობ.
ფქვილს გობი უცდის მოსაზელად,
ცომს ცხელი კეცი.
ვაცხოთ სიტყვები.
წაბლის ფოთოლში გავახვიოთ სურნელებისთვის.
ცხელ-ცხელი დავტეხოთ და ჩამოვარიგოთ.
დედა სულს შეგიბერავს,
მამა დაგაგემოვნებს,
ბებო ცოცხალი რომ იყოს, პირჯვარს გადაგწერდა
და ყველა ლუკმას ხელიდან რომ დამცვივდებოდა,
ობლის იყოსო. მიაყოლებდა.
მე ნება- ნება შეგექცევი, თან მეღიმება,
ვიცი ისევ ამეშლება საღერღელი.
ისევ გავახმობ სიტყვებს,
(ნედლი არ გიყვარს,)
ისევ მოგიტან ჩამოსაფქვავად,
ზოგსაც მიწის ქატოდ,
ზოგსაც ცის ფქვილად,
წისქვილო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი