ლურჯი ლაჟვარდის ზემო


ღრუბლებმა ცაზე ხეტებით
დასალიერი გავლეს.
მე ისევ მარტო შევხვდები
დღეის ტყუპისცალ ხვალეს.

აზღარბულია დრო ცხარი,
მსგავსი ეკლის და წიწვის.
გულში ნიადაგ ახალი
მოლოდინები იწვის.

ჟამმა სურვილი ჩამარხა
ლურჯი ლაჟვარდის ზემო.
შენ ამ მიწისა არა ხარ,
თეთრო ოცნებავ ჩემო.

ფიქრის ფუტკარი გუნდებად
ხსოვნის ესევა სურნელს.
ბოლოს და ბოლოს ხუნდება
მარადი ფერიც თურმე.

გამბუტებია ლაღობა,
მწვავს ორთქლი ცრემლთა თქორის.
ბედმა კლავიშად გამღობა
მინორს და მინორს შორის.

ხვალემ რა უნდა მახაროს-
ფარსი ვერ ამიქშია.
გრძნობაგამოცლილ სამყაროს
მშვენიერება შია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი