მე არ შემიძლია


მე არ შემიძლია ავარიდო თვალი,
ჩემში უამრავი სახე ისარკება.
ხსოვნა ფიქრის ძაფით მაშინ იქარგება,
როცა ცის ბილიკებს დაუყვება მთვრალი
მთვარე და სიბნელე გადაიკარგება.

მე არ შემიძლია ავარიდო მზერა
წარსულისკენ წასულ ნისლის ფილაქანებს,
ანდა იმნაირებს, ანდა იმათგანებს,
ვისაც უბედობით ურჩი ბედისწერა
უჩინმაჩინივით სადღაც მიაქანებს.

ფიქრში სანთელივით იწვის გარინდება,
ზოგჯერ შეცნობილი ვეღარ შემიცვნია.
სიხარულიც დარდით მიტომ შემიცვლია,
რადგან სხვათაებრი გაცლა - გარიდება
მე არ შემიძლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი