პოეზია
გუშინ, სოფლის ორღობეში მორბენალი ჩემი ფეხშიშველა სიყვარული, დღეს, ზღვის ნაპირს კენჭებისგან აღარიბებს და ხელუკუღმა უბრუნებს მის უნაპირო თავდავიწყებას. ერთი იმედით, რომ სურვილები სარკმლის მინას დუმილად არ შემოახმება და ოცნებები არ დარჩება ნახატი _ ორთქლით. შემხედე, თვალის უპეები ჩამოვიწიე, გაგიღე კარი და შემოგიშვი. ნუ, ნუ დაფრთხები, მანდ ტკივილები უფსკეროა. თუ ჩამივარდი, ხელს არაფრით არ ამოვისმევ. ნახე, ხელისგულებზე ბედის ხაზი გადავჭერი და ახლა სისხლის ყველა უწვრილეს კაპილარში მოედინები. არ ჩამისახლდე უცხო სხეულად, ნუ გამომიხრავ ჩემი სისხლის წითელ ბურთულებს. არ გამითეთრდე, არ შემატოვო ცარიელ ფურცლებს. ნუ დაგამშვიდებს წიგნის თაროზე მომრავლებული უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონები. ჩემს გულისცემას მაჯებთან და ყელთან ახლოს, შენი სუნთქვა და სისხლში შენი შემცველობა მიწესრიგებს. სურვილს თხოვნამდე ნუ ამიკრძალავ... ა მ ი მ ე ტ ყ ვ ე ლ დ ი... იცი, ”ჩვენობა” სხვათა ენაზე არ ითარგმნება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი