ქალაქში სადაც


ქალაქში, სადაც თამაშობენ ”ვისი სული გსურს,” 
ხელისგულებს არ აცდება დაცალკევება. 
ქალაქში, სადაც ეხუტები სიცარიელეს, 
ალბათ იმიტომ, მარტოობა რომ შეაშინო. 
ქალაქში, სადაც თამაშობენ ”ხიდობანას”, 
ალალბედზე ირჩევენ ხელებს. 
მერე ამ ხელებს სათავისოდ შეიფერებენ. 
ქალაქში, სადაც ჩვენს სურვილებს მზე ალბობს ზღვაში, 
ყველა ვნება თევზივით გვიმარილდება. 
ქალაქში, სადაც სამყაროს თვალი, თავად უფალი, 
იღებს ფოტოებს და საოჯახო ალბომში აკრავს. 
ქალაქში, სადაც არა გაქვს მიწა 
ფეხისგული რომ დაიზეპიროს, 
ყოველ ღამე ზღვის ფსკერს ჩიჩქნი, 
ყველა დაისის, ანუ აისის გადასარჩენად. 
ქალაქი, სადაც შენ თამაშობ ”სახლობანას,” 
ხოლო ქალაქი გეთამაშება ”ქალაქობანას.” 
ქალაქი, სადაც მეთევზე ვახშამს ანკესით იჭერს, 
თამაშგარეთ დარჩენილი შენი ცხოვრება 
ეთამაშება საკუთარ ჩრდილს ”დაჭერობანას”. 
ქალაქი, სადაც ისე კვდები ვერ გაუსინჯე გემო ბოღმას, 
სათამაშო კი ბავშვობამდე გადაგიმალეს და 
”ამის პატრონმა რა ქნას?” აღარავინ გეთამაშება. 
შენ ამ ქალაქში არავინ დაგრჩა, 
ახლა ქალაქს უსინჯავ სიცხეს, 
გეჩვენება რომ ავად გახდა. 
შენს თვალებში ულბობ ფეხებს, 
სითბოს ატან, იმედს არ კლავ, იქნებ შეძლოს და 
ხვალ შენს გამო სხვა თამაში გამოიგონოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი