ზღვა რას მაგონებს?
ზღვაზე ტალღები გაშლილან ფართოდ – ზღაპრული ალის ცისფერი თმები, ტალღაზე მთვარე ქანაობს მარტო, მიმალულ გემებს მისდევს და ქრება. ზღვის ლაჟვარდ ბელტებს ნეტავი ვინ ხნავს? მთვარის ნატეხებს ვინ მოაგროვებს? ზღვა რას მაგონებს? – ამას ნუ მკითხავ, ის მკითხე მხოლოდ: რას არ მაგონებს?! ეს ვარსკვლავებით ნაჭედი ზეცა და ზღვაც – იისფრად რატომ ქცეულა? ალბათ, ზღვას ცაზე ყოფნა თუ შერცხვა, ალბათ, ზღვაც ციდან გამოქცეულა. ზღვას ზოგან თმებსაც უთეთრებს რისხვა, ხან აამღერებს და ხან აგოდებს... ზღვა რას მაგონებს? – ამას ნუ მკითხავ, ის მკითხე მხოლოდ: რას არ მაგონებს?! მსურს მთვარის გზებით გავყვე ამ სივრცეს, მარჯნების კოშკში ვიპოვო ბინა, ზღვამ ღელვა მომცეს, მე _ ფიქრი მივცე და შევსვა ეს ზღვა, ვით ლურჯი ღვინო. მაგრამ ვინ დალევს ამ სივრცეს, მითხარ, რომელსაც მუდამ რაღაც აბორგებს?.. ზღვა რას მაგონებს? – ამას ნუ მკითხავ, ის მკითხე მხოლოდ: რას არ მაგონებს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი