რატომ უნდა ვამჩნევდე ..


რატომ უნდა ვამჩნევდე
ამ საახალწლოდ მორთულ ქუჩებში
ათასი წვრილმანის (თუ ჯანდაბის) მაღაზიის წინ
მუყაოგადაფარებულ სამშენებლო ბლოკზე
მოკრუნჩხულ მოხუც ქალს,
წინ ტუალეტის ქაღალდები რომ ულაგია და ყიდის?

რატომ უნდა ვითვლიდე გონებაში,
რამდენი ასეთი ქაღალდი უნდა გაყიდოს,
რომ უღირდეს დეკემბრის გვიან საღამოს
ყინვასა და სიცივეში გარეთ ჯდომა?

რატომ უნდა ვფიქრობდე,
ვინ ელოდება შინ მის დაბრუნებას,
ან ელოდება თუ არა საერთოდ?

ეს არის პოეზია?
ეს არის ესთეტიკა?

ან მაინცდამაინც მე რატომ უნდა ვხედავდე,
ნაავარიები მიკროავტობუსის ფანჯრიდან,
წლებია უკვე უპატრონოდ რომ გდია,
როგორ საცოდავად იყურება
საკუთარი ბიძის მიერ სახლიდან გამოგდებული
მეზობელი ობოლი ბავშვი?

ეს არის-მეთქი პოეზია?
გეკითხებით, ეს არის?

და თუ მაინც უნდა ვამჩნევდე ამ ყველაფერს,
თუ უნდა ვხედავდე,
მაშინ იმდენიც უნდა შემეძლოს,
რომ მთელი ყუთი ტუალეტის ქაღალდი ვიყიდო
და იმ მეზობელი ბავშვის
ათი წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული
მშობლებიც გავაცოცხლო.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი