ერთი სიყვარულით
რაღაც ისეთი, ამოუცნობი, ახალგაზრდა ქალი ქმართან ერთად რომ მოდის ქუჩაში, მოგიახლოვდება და მკერდზე დაიხედავს. ადამიანებზე რა უნდა ვთქვა, როცა სიგარეტსაც კი საშინლად ვეჩვევით. ჩემი ყველა დილა ყავით იწყება, ყველა ღამე - უშენოდ. ხანდახან იმაზე დავფიქრდები ხოლმე, ცოცხალი რომ აღარ ვიქნები. პოეზიაც შენივე თავთან საუბარია, შენივე თავის პატრონობა. როცა გარშემო არავინაა, მოვა და გამოგელეპარაკება, მოგისმენს, თვითონაც გეტყვის ორიოდ სიტყვას, შეიძლება მხარზეც გადაგხვიოს ხელი. რა მეშველებოდა ამ ცხოვრების გარეშე? გუშინ არაფერი დამიწერია, არც დღეს. წყევლასავითაა, რომ საკუთარ მომავალს ვხედავ. ფანჯარასთან დგომა მიყვარს, გულაღმა წოლა, ჯიბეებშიხელებჩაწყობილი სიარული... ზოგჯერ ბორდიურზე ჩამოვჯდები ხოლმე და ადგომა მავიწყდება. კიდევ, რაღაცების ამოჩემება ვიცი, აკვიატება. წლების განმავლობაში მივლია ერთი შარვლით, ერთი სიყვარულით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი