Silence


გულაღმა წოლას და ფიქრს მივეჩვიე,
ან ფანჯარასთან ვდგავარ ხოლმე და ქუჩაში ვიყურები,
თუ, რა თქმა უნდა, ქალაქში არ დავბოდიალობ.

მკვდრებს უნდათ, მაგრამ ვეღარ წერენ,
როგორც ეტყობა, ჯერ ისევ ვსუნთქავ.

მაინც რა არის სიყვარული?
ალბათ ის, მთელი ცა ვარსკვლავებით რომ არის მოჭედილი,
შენს ოთახში კი, ჭერზე, მხოლოდ ჩამოსული წვიმისგან დატოვებული ლაქებია.

ვის შეუძლია დაინახოს შენი ტკივილი?
ვინც შენს თვალებში იხედება, მას შეუძლია,
ვინც შენთან ერთად ხუჭავს თვალებს, ის თუ გაიგებს.

შუაღამეა,
ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს,
ალბათ ამიტომ აღარ ვიცი, როდის თენდება.

ის ფილმი მიყვარს,
კაცი ქუჩაში უპატრონო ძაღლს რომ იპოვის
და პურის ნატეხს შუაზე უყოფს.
მახსოვს სიტყვები:
„ერთი ნახევარი - შენ, ერთი ნახევარი - მე.“

სასიცოცხლოა ვიღაც გყავდეს,
ან ბოლო-ბოლო, რაღაც მაინც, ვისზეც იფიქრებ.

როგორ მჭირდება,
ვინმემ კოლოფში დარჩენილი ბოლო ღერი სიგარეტი მთხოვოს.

მინდა გადარჩეს, ის რაც ჩემში ჭეშმარიტია
და დღესაც ასე გადავწყვიტე მეთქვა - მიყვარხარ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი