სხვა კაცებს


მიშა რატიანს

არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ ჩვენს საკუთარ სამშობლოში წავაგეთ ომი.
ამ ომში მკვდარი, დაღუპული ბიჭების ბრძოლა
და თავგანწირვა დავაფასეთ მდუმარე დგომით
მათ საფლავებთან, მათ შაოსან დედებთან, ძმებთან,
დებთან, ცოლ-შვილთან, მეგობრებთან... რა ჩვენი ბრალი
იყო, რომ ასე გამოვიდა?! შეგვინდე, ღმერთო!
ქვეყნის წინაშე მოვიხადეთ პირნათლად ვალი:
როცა იბრძოდნენ ის ბიჭები, კვდებოდნენ, ჩვენ კი
ვისხედით სახლში და ძალიან ვნერვიულობდით...
და კითხულობდნენ პატარები, - რომ იწყეს დრეკა
მთებმა, როდესაც გორგასალი შედგა. ვტყუოდით
ყველა ისევე, როგორც ერთი; შიშებში ვცხოვრობთ,
რა დაგვრჩენია, -  საფლავებთან ვისროლოთ ზალპი.
არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ სხვები მოკვდნენ კაცებად და ჩვენ ცოცხლად დავლპით.

არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ სამოწყალოდ გამოწვდილ ხელს გავარტყით მხარი,
მერე კი  მშვიდად შევასრულეთ ჩვენ-ჩვენი სოლო
გამოსვლა (სულ სხვა სიმღერიდან) და გავიხარეთ,
რომ დამსწრე საზოგადოებას მოვწყვიტეთ ტაში, -
ადამიანებს, ვინც ჩვენსავით მხარი იტკინა,
ვინც გამორბოდა, როგორც ჩვენ და ა.შ და ა.შ.
...ეჩქარებოდა, დრო არ ჰქონდა, ხოლო ისინი,
ვინც არ აეწყვნენ ფეხის ხმას და მიწაში წვანან,
ვინც არ გარბის და არც ჩვენსავით აგვიანდება
არსად, ვინც ყელში გამოისვა ამ დილით დანა,
რომ კიდევ ერთხელ აღარ ნახოს, როგორ ღამდება
ქალაქში, სადაც ჩვენ დავრბივართ, სოლოებს ვმღერით,
სადაც ტაშს ვუკრავთ ერთმანეთს და საზიზღრად ვლოკავთ,
ქალაქში, სადაც იშოვება არცერთი ღერი
სიგარეტის და ყველა ხეზე კიდია თოკი
გამონასკვული საიმედოდ, რომ ჩამოხრჩობა
არ გაუჭირდეთ, ვინც გადარჩნენ, იპოვონ ყულფი
ადვილად, გაყონ კისერი და ჩვენ ჩვენთვის „ჰოპლა“
ვიყვიროთ, სხვების გასაგონად, - „დიდება უფალს!“
არ შეიძლება თვითმკვლელებზე ვილოცოთ,  ვწუხვართ.
ავუბათ მხარი ერთმანეთს, ის ნატკენი მხარი,
რომელიც გუშინ სიჩქარეში ვიტკინეთ, ნუღარ,
ჩვენ ნუღარავინ შეგვაწუხებს, დრო აღარ არის,
დრო აღარ არის დღეს სიტყვების: „შენთან ვართ“, „წყნარად“,
„ნუ გეშინია“,  „გამაგრდი“... და მთქნარებით ვკვდებით.
ყველა თხოვნაზე დასმული გვაქვს ბეჭედი - „არა!“
ჩვენ „ჰო“-ს სათქმელად (რა თქმა უნდა) არ გამოვდგებით.

არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ მივატოვეთ მეგობარი ქუჩაში ღამით
და გადაიქცა სადარბაზო (ნამდვილად) სოროდ
და შიგ თაგვივით შემძვრალებმა სულ ერთი წამით
(ნეტავ რა ძალამ გვაიძულა) ვიბრუნეთ თავი
და იდგა ჩვენი მეგობარი ქუჩაში, როგორც
იესო ქრისტე, იღიმოდა, ამბობდა - „ავე“,
ჩემზე ნუ სწუხარ, მეგობარო, არ მცივა, ზოგი
რამ ისე მარტივია,  ფიქრადაც არ ღირს.
დრო, როგორც წესი, არასოდეს ბრუნდება უკან...
და ახლა, როცა გვახსენდება ის ღამე, ვაღებთ
პირს ისე, თითქოს სასულეში გადაგვცდა ლუკმა.

არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ ვერ მოვთოკეთ ჩვენი ჟინი, ჩვენი აზარტი
და დავივიწყეთ მშობლების და შვილების ყოლა, -
ვინც ჩვენ გაგვზარდა და ვინც თვითონ ვეღარ გავზარდეთ,
ვინც გავიმეტეთ სამუდამო სიდუხჭირისთვის,
რადგან წავაგეთ ყველაფერი, - სულების ჩათვლით...
და დღემდე ჟონავს ცხოვრებიდან ჩვენი სირისტი,
ჩვენი სისუსტე, ჩვენი, ჩვენი და არა - მათი.

არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ თავხედურად შევუბრუნეთ სიტყვები მამებს,
ხმა ავიმაღლეთ მოხუცებზე, ცოცხლებზე, ხოლო
რომ დაიხოცნენ მოკრძალებით ვუთიეთ ღამე…
მწუხარე სახით ხელს ვართმევდით მონაწილეებს
ამ ჩვენი (დიდი) მწუხარების, რას ვიზამთ, - ყველა
დავიხოცებით, ჩვენც მოვკვდებით, როცა ინებებს
ღმერთი, დავტოვებთ ამ ქვეყანას, არ არის შველა,
ბოლოსკენ მაინც შვილები ვართ მამაც და შვილიც
სიკვდილის, რა ვქნათ, თავს ვიმხნევებთ, სახეებს ვიღებთ
ისეთს, რომ თითქოს გვაწუხებდეს სინათლე დილის
და უფრო მეტად ვიღუშებით და ვირტყამთ მჯიღებს
მკერდზე, რომ ამ მკაცრ ცხოვრებასთან პირისპირ დავრჩით
და აღარ გვახსოვს, - მამებზე რომ ავწიეთ ხელი...
ას-ას წელს ვცოცხლობთ, უფალიც ხომ სხვა კაცებს არჩევს
თავისთვის, ვღიზიანდებით და გვიშრება ყელი,
გვიანდებიან წამსვლელებიც და დროა უკვე
დავმარხოთ მკვდარი, შემოვუსხდეთ გაწყობილ სუფრას
და თუ ვიღაცამ ვერ შეგვნიშნა, გამოვრჩით თუ კი, -
უფრო ხმამაღლა დავიყვიროთ - „დიდება უფალს!“
წამოვდგეთ ფეხზე, ყველამ ერთად ვთხოვოთ, - რომ ბოლო
სიკვდილი იყოს ეს ჩვენს შორის, გვაკმაროს, ამინ!
არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ ჯერ ცოცხლად და მერე მკვდარი დავმარხეთ მამა.

მერე კი, როცა ჩვენს თავებთან დავრჩებით მარტო,
როცა კედლიდან შემოგვხედავს სურათი მამის,
მკვდრის, გარდაცვლილის, აღარ მყოფის და გვკითხავს - რატომ?
და თვალს რომ ვეღარ გავუსწორებთ და შემდგომ ამის,
დავიხშობთ სმენას, დავყრუვდებით და მაინც რომ არ,
რომ ვერ დავაღწევთ თავს ამ ხმას და დავიწყებთ ხროტინს,
რომ გვეპატიოს პურიტანთა რიგებში დგომა
და დახურული ფანჯრებიდან ნეკერჩხლის ტოტი,
რომ გამოჩნდება საიმედოდ გამოფსკვნილ ყულფით,
კადრი რომ თვალწინ გაგვიელვებს და ტანში გაგვცრის,
როცა ოთახში არ დარჩება არცერთი ყლუპი
ჰაერი, მხოლოდ ხელგაწვდილი მოხუცი კაცი
იდგება ჩუმად, თავდახრილი და იქვე მასთან
ყველა, - ვინც ასე უარვყავით, გავწირეთ, მოვსპეთ,
რიგი და რიგი, წყება-წყება, დასტა და დასტა
ჩვენი ბინძური საქმეების, დაცინვა, გმობა
ღმერთის... და აღარ შეგვიძლია... ეს არის ბოლო,
რისკენაც მთელი ცხოვრებაა (ჯიქურ) მივიწევთ...
არ შეგვიძლია.
რაც შევძელით ის იყო მხოლოდ,
რომ ამ სიზმრიდან ვერასოდეს გამოვიღვიძებთ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი