კლავიშები (რამდენიმე)
*** როცა უბრალოდ ქარია გარეთ და მე ტყუილად გადავყურებ ფანჯრიდან ქუჩას, რომ სიგარეტი ვთხოვო ვინმე გვიან გამომვლელს, როცა გარშემო ჭაჭანება არ არის კაცის და მხოლოდ ერთი მაწანწალა ძაღლიღა უყეფს ცაზე ირიბად დაკიდებულ ნახევარმთვარეს - მე შენ მიყვარხარ. *** როცა უბრალოდ ქარია გარეთ და გადამფრენი ფრინველები ტოვებენ ქალაქს, როცა ბეღურა ჩიტებიღა სხედან მავთულზე - იბუზებიან, როცა გვიანი შემოდგომის ბოლო ღამეებს ვათენებ თეთრად - მე შენ მიყვარხარ. *** როცა უბრალოდ ქარია გარეთ და ირონია - ბოლო ხურდებს ვაძლევ მათხოვარს - როცა რაღაცა გამიხარდეს მაქვს საფუძველი და მიხარია, როცა ცარიელ ჯიბეებში ცარიელ ხელებს ვიწყობ და ასე, სტვენა-სტვენით ვაგრძელებ ჩემს გზას - მე შენ მიყვარხარ. *** როცა უბრალოდ ქარია გარეთ და მაგიდაზე არეულ ფურცლებს, შავ ფანქარს, მაგარ უშაქრო ყავას და შთაგონების მთავარ საფუძველს - ცხოვრებას - შენი მძაფრი სუნი აქვთ - მიყვარხარ-მეთქი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი