შენი ხელი


თორნიკე ჭელიძეს

სისულელეა,
მის ნერვებზე არ ვითამაშოთ,
დგას ბედისწერა და დაკოჟრილ მუშტებს გვიღერებს.
ერთი მსმენელიც რომ არ დარჩეს ამ ბნელ ქალაქში,
ჩვენ ამ სიმღერას
ბოლომდე და მაინც ვიმღერებთ.

ცხოვრებას იტევს,
მთელ ცხოვრებას - ქალი,
რომელიც
გიყვარს და შენი შვილის ნაცვლად
შენს ლექსებს არწევს...
არ არის,
ძმაო,
ეს ეპოქა ჩვენი მომრევი,
სახრჩობელაზე აგვიყვანს თუ ნელ ცეცხლზე დაგვწვავს

სულერთი არის,
სულერთია,
ერთია-მეთქი,
სანამ ვხრიალებთ,
სხვისი სუნთქვის ხმა რომ გავიგოთ.

სხვა არაფერი,
ეს სიტყვები მინდოდა მეთქვა.

ბედისწერამ კი
სხვა თალია ჩამოარიგოს!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი