ციკლიდან - მა (მეხუთე ლექსი)
მარცვალი მა, ახლა, როცა ზამთარია, ცივა და ფანჯრის რაფაზე, როგორც კლავიშებზე - ბეღურა ჩიტი - დახტის - ხან მარცხნივ, ხან შუაში, ხანდახან მარჯვნივ და ქმნის ოთახში სიმსუბუქის საოცარ ინტიმს - თავისი ციცქნა ფეხებით და ხრაშუნობს თოვლი (ალბათ) და რაღაცნაირია განწყობაც - მშვიდი... მა, მე მინდოდა (ბავშვობაში) ჩიტების ყოლა, ვიდექი ხოლმე ფანჯარასთან, რაფაზე ვფშვნიდი პურის ნამცეცებს და (გავტყდები) კაი ხნის შემდეგ (გაგეღიმება აქ უთუოდ) - მოფრინდი ერთი, ხანდახან თურმე პოეტებსაც ეხსნებათ ბედი - (ზოგჯერ მათთვისაც იყურები ზეციდან, ღმერთო...)... და ახლა, როცა იმ დროიდან წელია ოცი - შენ მებობღები მუხლებზე და ამყავხარ ხელში, ჩემი ბავშვობის საქციელი ყოფილა ლოცვა - მივხვდი და ისე ჩვეულებრივ - წყალი რომ ხეში ჩადგება ხოლმე - თებერვალში - დიდება უფალს! - მა, სულ უბრალოდ დაიწერა ეს ლექსიც, ასე... როცა კაცი ვარ და ბავშვობა შორია უფრო, ვიდრე ცა (ჩემი სურვილებით პირამდე სავსე…)…
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი