ციკლიდან - მა (პირველი ლექსი)
მზის წნული (ღმერთი) /თეკლას/ მა, მა, შენია ეს ლექსი და დავიწყოთ - ამინ! მე ავადა ვარ - ჩემი თავი არ მემეტება ჩემი თავისთვის. იღრინება ფანჯრებთან ღამე და ახლა უკვე ოთახებში დავეხეტები ნაცვლად ქუჩების. მა, სიზმრებზე გავცვალე ცხადი და ეს ნაწერი არ იქნება შურისძიება ამ ცხოვრებაზე, მე ამ ნაწერს შენ გიწერ. გადის ზამთარი, როგორც რაღაც კარგის, ნათლის ძიება - ადამიანში - სისულელე ყოფილა, იყო და მომავალშიც ზუსტად ასე იქნება! ვწუხვარ. მა, ჩემი ძვლები ჩემს სისხლშივე გამოირიყა და ყველა ტყუის, ვინც ამბობს, რომ ძალიან უყვარს, ძალიან - შტერი მამაშენი, არ ვუკადრისობ, ასე ვეძახი მე თვითონვე საკუთარ თავს, მა... და მართლა ისე უგემურად, მდარედ გადის დრო, მართლა იმდენჯერ მინატრია (ეწვიმა) თავსხმა, რომ კარგად მესმის ამ სურვილის გულუბრყვილობის, უსაფუძვლობის, უაზრობის, (არაფერს ვიმჩნევ) საერთოდ აღარ მედარდება არც გარყვნილება, არც სხვა ათასი სიბინძურე, სამართალს ლინჩის წესით ადგენენ საბოლოოდ მაინც და სხვა გზა არ იცის დღემდე პროგრესულმა კაცობრიობამ, ასე რომ - არ აქვს, არც ჰქონია მხილებას აზრი უსუფთაობის, არც ექნება და თუ ვცდილობდი ყვირილს, რომ გვწვდება საკუთარი ფეკალიები უკვე ყელამდე, ნიკაპამდე, პირამდე - ტფუი! გამოიყვანეს დახუნძლული რეგალიებით უკანა ჯიბის პოეტები და თქვეს, რომ ვტყუი, რომ ყველაფერი კარგად არის - ჯინაზე მტრების! ძალიან კარგად! ფაქტიურად - შესანიშნავად! გადამიარეს, გაიფერთხეს დასვრილი ფრთები და გაფარფატდნენ ამ ტრიუმფის აღსანიშნავად და ზეიმობენ ქალაქები, ქუჩები, სახლებს - გარდა ერთისა, უბრჭყვიალებთ ფარდები. ვაშაააა! მა, მე ამ მიწას (დედამიწას) ხელს აღარ ვახლებ, მხოლოდ დროდადრო ვიყურები (უჩუმრად) ცაში, რომ ჩემი წილი სიხარული გამოვითხოვო და მათი წილიც, ვინც ჩემამდე აიღო ხელი ამ ყველაფერზე, ვინც ცხოვრების მიღმა იცხოვრა, ვინც მორჩა წერას და პროტესტი გამოთქვა ხველით - მშრალი ხრიალით, ხმის ჩახლეჩით, ხერხემლის მოხრით, ვინც ერთი სიტყვა ამოიხრა მუხლებზე - ღმერთი! მა, ყველაფერი (განურჩევლად) დარჩება ოხრად - თუკი მე და შენ არ ვიქნებით ბოლომდე ერთად ჩემი ასეთი ცხოვრებით და სისულელეა მთელი ეს ბრძოლა, თავგანწირვა, არ ვიცი - ვისთვის, იქ სიარული, სადაც თურმე სულ არ გელიან ეწირები და მაინც შენკენ იშვერენ თითებს, რომ... მოკლედ, მოვრჩეთ, მა, ავიღოთ ბარიკადები, მე ჩამოვშორდი ამ არსაით მქროლავ ქარიშხალს და მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - შუქის ანთების - შენს ერთი ბეწო ოთახში და არსად გამიშვა, მა, დაიფარე მამაშენი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი