ციკლიდან - მა (მეოთხე ლექსი)

ნეკნები (ბუდე)

თეკლას

მა,
როცა ორჯერ ორია ოთხი,
ანუ - მარტივი ჭეშმარიტება -
ის,
რომ ყოველდღე ცარიელ ოთახს,
რომელშიც ცვივა მკვდარი ჩიტები
ჭერიდან,
მარტო ვუახლოვდები
და სანამ შევალ,
ვჩერდები კართან,
რომ მოვისინჯო ჩემი ბოდვები,
სიზმრები,
ხომ არ დამტოვეს,
რათა -
დავრწმუნდე,
ვიგრძნო,
(ვიცოდე - უნდა) -
მთლად მარტო არ ვარ,
რომ აქ არიან...
მე გავუკეთე ნეკნებით ბუდე
ამ ჩიტებს,
მაგრამ ყველა მკვდარია.
მე ავაშენე ძვლებისგან სახლი,
მაგრამ სიცივე გაუჯდათ კედლებს,
არავინაა გარშემო,
ახლო,
სხვა - არაფერი,
რომ დამაყვედროს
მაინც,
რომ მისთვის ავანთე ცეცხლი,
რომ ეს წყვდიადი მუხლებზე ხოხვით
გამოვამტვრიე,
რომ ღამე მესხმის
ყოველდღე თავზე,
რომ რჩება ოხრად -
ჩემი სისხლისგან დამბალი მიწა,
ჩემი ყელიდან წამსკდარი - ღმერთო!
მა,
მეც თუ მოვკვდი და ამოვიწვი
ამ ჯოჯოხეთში,
შენა ხარ ერთი,
ვინც ყველა ნერვით და სისხლის ყველა
ელვარე წვეთით,
ყველა ატომით,
ხარ ჩემში ცოცხლად,
ის,
ვისშიც შველა
და დამარცხება ამ სიმარტოვის
არის და...
მა,
მა,
დღეების მერე,
მე როცა ყველა ღამეს გავათევ,
როცა ამ ნაწერს დაფარავს მტვერი...

შენ მოხვალ ჩემთან
და შუქს აანთებ!

წყარო: urakparaki.com