მამუ (წერილი წლების შემდეგ)


"მე თქვენსავით უკვდავი არა ვარ" - არასერიოზული კაცი

წყალი ყოველდღიურად კარგავს ამ თვისებას,
ჩვენს სინამდვილეში
მხოლოდ დროის გაყინვაღა შეიძლება,
მამუ.
ახლა,
როცა ეს ლექსი იწერება,
ცხრა თვის ხარ შენ,
მე ოცდაცხრა წლის გავხდები მალე.
ჯერ მარტო იმდენს ხვდები,
რომ ის კაცი ვარ,
ვისაც ყოველსაღამოს გაჰყავხარ ოთხი კედლიდან,
საათი,
საათნახევარი გვაქვს განსაზღვრული,
მეტს არ გვანებებენ,
მეტი არ შეუძლიათ.
ყოველსაღამოს მოვდივარ შენთან და დამინახავ თუ არა -
იცვლები ერთიანად,
ააფართხალებ ხოლმე კიდურებს და ჭყივი,
ერთი სული გაქვს როდის აგიყვან ხელში,
როდის გავალთ გარეთ.
იგივე კიდურების ფართხალი და ჭყივილი მეორდება,
როცა,
როგორც იქნება ავათავებთ ხოლმე მომქანცველ აღმართს
და მივალთ საქანელასთან.
იქ უკვე აღარცერთი ვემორჩილებით დროს,
საწინააღმდეგოდ მომართულ მექანიზმებს,
ციფერბლატების ჩვენებას.
შენ გიხარია (მე უფრო),
თან მიუხედავად მათი უფორმობისა,
ჩემთვის მაინც ყველაზე  სასიამოვნო ბგერებს გამოსცემ,
ყველაზე გასაგებს
და მეც სადღაც ჯანდაბაში მოვისვრი ხოლმე
ჩენს ტკივილებს,
ამ დამცინავ ბედისწერას,
ძვლის ტვინამდე დასულ სიმსივნეს,
მთელ ჩემს სერიოზულობას,
რომელიც დროის ატრიბუტია მხოლოდ
და რომელსაც მისი გადაჭარბებულად შეფასება იწვევს ჩვენში,
უბრალო მოკვდავებში,
თორემ ეს ორ ფეხზე მოსიარულე უკვდავები,
ვინც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ,
სულ კარგად ბრძანდებოდნენ,
მამუ,
ხელებსაც ავწევ.
მე შენ ყველაზე ხმამაღლა გეფერები,
ყველაზე თავისუფალი ვარ,
ყველაზე პოეტი და...
ჰო,
მამუნა,
ჰო,
სინამდვილეში -
სწორედ ეს შენი თმასავით ღინღლი წუთებია ჩემი ცხოვრება
და არაუშავს თუ ვტირი,
თუ წყალმა დაკარგა თვისება გაიყინოს,
შენ უკვე იცი,
რა არის წყურვილი და რაც დრო გავა -
უფრო და უფრო მოგინდება მომეკრა მკერდზე,
ჩამბღუჯო მთელი ძალით,
ახლავე მტკივა ძვლები - ისე
და ჩემი სიცოცხლეც ეს არის,
მამუ,
შენი ფიქრი ვიყო,
შენს სისხლს დავყვებოდე.
ჰოდა,
მე დამემგვანები,
მამუნა,
მე,
სისულელეა ეს მკაცრად ლიმიტირებული დრო,
განახევრებული ადამიანების განახევრებული გრძნობები,
მატერიალურ-სოციალური და სულიერი დემონები,
საქანელა ქანაობს,
შენ ჭყივი
და არაუშავს თუ წყალმა დაკარგა თვისება გაიყინოს,
თუ ძალიან მალე სადღაც დასაკარგავში წაიღებს ამ ოცდაცხრა წელს,
ჯანდაბამდე გზა ჰქონია მთელ ჩემს სერიოზულობას -
ჩვენ ყველაზე მამუნიები ვართ ამწამს,
შენი მამუ გყავს - შენ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი