მზესუმზირები
ნინოს "ჭეშმარიტება ოცნებაშია" - ბექა აბუთიძე ვინსენტ, თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა და მიხარია, რომ დღეს შემეცოდა კაცი, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს და მე მხოლოდ გავიფიქრე - დავხმარებოდი. შენ არ იცნობ ამ კაცს. შენ არც იმ კაცს იცნობ, მახვილგონიერ იდალგოს, დონ კიხოტს რომ ჰგავს და შუბლზე ქარის წისქვილები ადგას. ყველას ვეუბნები და არავის სჯერა. არ სჯერათ იმიტომ, რომ სერვანტესი მკვდარია და თუ მოინდომეს არც მისი საფლავის ნახვა გაუჭირდებათ. მე არ მჯერა საფლავების, ვინსენტ. მე განახებ კაცს, რომელიც დონ კიხოტს ჰგავს, რომლის იდეალებიც განუხორციელებელია და მიუხედავად იმისა, რომ ის სასაცილო მდგომარეობაშია, მას შუბლზე ქარის წისქვილები ადგას, წისქვილები ტრიალებენ და ამ წისქვილების მოძრაობის გამოა, რომ კაცობრიობა ვითარდება. მე არც ის მჯერა, ვინსენტ, რომ ამბობენ სიყვარული არ არსებობსო, რადგან ეს რომ სიმართლე იყოს, გალაკტიონის "მესაფლავე" ჩემი საყვარელი ნაწერი იქნებოდა, ახლა კი - პირიქითაა და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა მთვრალი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი. ჰო, ვინსენტ, ასე მარტივად არის ყველაფერი, ჩვენ კი, მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ და თუ ეს არ გამოგვდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მე და შენ გენიოსები ვართ. ნუ გეღიმება, ვინსენტ, ეს ლექსი დიდ იაპონელს წავაკითხე წუხელ და პირველი სიტყვები, რაც თქვა, ის იყო, რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავს ყურწაჭრილ ჰოლანდიელს, რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილი და სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში. საბოლოოდ შენ მინდა გითხრა რაღაც, ვინსენტ, ჩემი არა, წარსულისმეტყველის, სულიერი კარიერისტის, ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები - ჭეშმარიტება ოცნებაშია!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი