გიო ზედვაკელს
გიო, ერთად მოვდივართ - ბედმა ასე ატუზა, თუმცა საწერ მაგიდებს ათასები უზიან - ყველა როდი ააღწევს მეთერთმეტე სართულზე, რადგან, ძმაკაც, შეკვრაში, მხოლოდ ოთხი ტუზია. ვიხუმრე და ხუმრობა - იყოს ჩვენი ნიშანი, დღეს შეიქმნა, გავიგე, კიდევ ერთი კავშირი, ვინც გაწევრიანდება - პოეტებად ნიშნავენ, ვინც არა-და - ვერ გეტყვი - ვაი-თუ - შეგაშინო. ჰოდა, ასე უბრალოდ გწერ და ჩვეულებრივად, მიილია ივნისი, ამინდს ხახა უშრება, ჩვენი ასე ყოფნა და ნათქვამი რომ - ძმები ვართ, ამ ჩემს ფეხებს, რა ვუყო, ვისაც ეხამუშება. კარგად ვიცით, ორივემ, ეს ცხოვრება შარჟია, ვიღაც დილეტანტები ძირს ათრევენ მანტიებს, ჩვენ თუ ქარი გვიბერავს, ჩვენ თუ წვიმა გვაჟიებს, მეტი არც-რა გვინდა და ღმერთმაც თუ გვაპატია ჩვენი მედიდურობა, ნაწერები - თავნება, მეტი, აბა, ვინღაა, შევუბეროთ – იალააააააა, მე და შენში, დღეიდან, ლექსით გაითავნება, ის, ვინც ამ სტრიქონების მუხტი გაიზიარა - ე.ი. - ორივე, შენი ხმა გამაგონე, მეცხრამეტე სტრიქონი - მოგვედავნონ რომ, მერე, როგორც ნახალოვკელმა - ვიპატიე ჟარგონიც, შენ კი - კარგად გახსოვდეს 24 ნომერი - ჭოლა ლომთათიძეზე, დაგინახავ ფანჯრიდან, ახლაც თითქოს მოხვედი, მინებს ისე ვეტაკე, შენ რომ არ გამეცანი, ბედი ორად გამჭრიდა - ერთს ნიკას დაარქმევდა, ერთსაც - გიო ზედვაკელს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი