მზისბეღურა ჩიტები
ბექა აბუთიძეს "მზე უკვე აქაა, ძმა, მზე უკვე აქაა, მზისბეღურებიც. ჰეიიი, მზისბეღურა ჩიტი ვარ." ბექა აბუთიძე "ამრიგად, მე ოცდასამი წლისა მოვკვდები. არა უშავს რა, ყველაფერი კარგად მიდის, მე ვაჟკაცობა არ მაკლია." სტენდალი, "წითელი და შავი" ცაა ახლა ნახატი ფიროსმანის, ნაივი, ოცდასამით ნაკლები, ჩამომწყდარი ვარსკვლავით. ეს ცხოვრებაც ამგვარად გაიელვებს, გაივლის, სანამ ჟ(ი)ულიენივით ჩვენც ცხვრებივით დაგვკლავენ. სხეულია ნიჟარა, ქვა, სულია კამეა, როცა ხატავ, როცა წერ, როცა... სისხლი - გუაში. უნდა გწერდე ამ ნაწერს იმნაირი ღამეა, ისე უსუფთაოა არაერთის დუბლაჟი კაცობაში, ძმობაში, სიტყვის თქმაში... მოვეშვათ. დღეს ეს ხალხი ერთობა, პოეტურობს, კაიფობს, სპეკულიანტ-მეშჩანობს წვრილმან წუთისოფელში, რა უნდა ქნა, არიფი არიფია - არიფობს. არაფერი, მოითმენ, გაძლებ, ჩუმად იქნები, მკერდში ყველას თავისი გული უცემს, რა გინდა, რა და, დგახარ, დგახარ და... მაინც მუშტებს გიქნევენ, როგორ არ გაიმეტო, როგორ უნდა დაინდო. ჰოდა, ჩემი პატარა შვილი ხელში ვარწიე, წვიმის ერთი წვეთია, ხელისგულში ეტევა. არ გამოვა ეს ხელი, რომ ვინმეზე ავწიო, მიქარვაა. ეგრეა. ურტყამ? - გამოეთრევა ზურგში მდგომი ბოროტი, ავი სული - შაითან, ვითომ წვიმა წვიმდეს და ისევ სახეს მივუშვერ, სული თუ დაგიმძიმდა ცამდე ვეღარ აიტან, არ გამოვა, არა და ეპატიოთ, მივუშვი ბედისწერის სადავე - ძნელია და ადვილი - სულში ჩაფურთხებაა, იყოს ჯვარცმა, კირთება. აქ ვდგავართ და აქ არის, ნაღდად, ჩვენი ადგილი, მე ამ ნაწერს დავარქვი - მზისბეღურა ჩიტები. ვცოცხლობთ, ვცოცხლობთ, ამწუთას ასეა და ზიუდი (ჩრდილოეთი შორია) სამხრეთიდან უბერავს. სუნთქვა - სუნთქვას, გული - გულს, სიტყვა სიტყვას მივუდე გვერდში, ჰოდა, ქარი ქრის - ვერ გაბურავს ღრუბელი ცას, ნაივურ ხელწერას ფიროსმანის. წაიღო... აი, ჩვენი მუღამი, ხასიათი შტრიხებად. პოეზია ბედია, ვწერთ და სეზამ, გაიღე. არასწორი სიტყვა და კარი არ გაიღება!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი