დოდეს-კადენ


ბექა აბუთიძეს

შენ თქვი, რომ მგავხარ, რომ ქუჩაზე, ჰო, სუიციდის,
ჰო, სუიციდის ქუჩაზე ხარ ახლა და ორ ხიდს
შუაა შენი ქუჩა. შენ ჩემი ძმა ხარ. ცრიდეს,
მინდა, რომ ცრიდეს წვიმა. ჩვენ გუშინ მოვკვდით.

და ორ ხიდს შუა არის ქუჩა, შენი, და რელსებს,
რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან...
ჩვენ სხვანაირად დაგვაწყვეტენ ნერვებს და მყესებს
და გულებს გვწყვეტენ სხვანაირად და მტკივა მაგრად,

რომ ორ ხიდს შუა, რომ ქუჩაა, შენია მარტო,
რომ სუიციდის ქუჩა ჰქვია, რომ დრო სისხლს გადენს,
რომ თებერვალი დამთავრდება, დადგება მარტი
და დოდეს-კადენ, დაგან-დაგან და დოდეს-კადენ...

აქ ხმა არა აქვთ, როგორც ყველგან ისეთი ბორბლებს
რკინის და დგახარ, დღეებს გიჭამს ათასი მახრა.
დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი
და აქ და ახლა, აქ და ახლა, და აქ და ახლა

მე მოვალ შენთან, მოგიყვები ორი ძმის იგავს
და ორ ხიდს შუა, შენს ქუჩაზე, ჰო, სუიციდის,
ჰო, სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი
და ვდგავართ ორნი და გვინდა, რომ ცრიდეს და ცრიდეს

წვიმა...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი