ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ


წუხელ მარტმა თებერვალი გახვეტა.
გისოსია დედამიწა - ვეგლები.
სანამ დადგა განაჩენი - დახვრეტა,
ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.

დღეს მომკლავთ და ხვალ იქნება მიქარვა.
გთხოვთ,
ჩემი ხასიათი ნუ გახელებთ.
რა ვქნა,
სადაც უნდა ვიყო - იქა ვარ,
დახსნილ მაჯებს ვერ ვუხამებ სახვევებს.

აქ,
საკანში უჟმურია ამინდი,
გარეთ მზემ გამოანათა ეგება,
მეტი ნაღდად არაფრი არ მინდა -
ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.

გავთავდები კიდევ ერთი მწეველი,
ერთი-ორი პატიმრისთვის - პოეტი.
გაწბილდება ასცხრამეტი მევალე.
გავყავარ და...
უკან კარი მოკეტეს.

ქარმა ქუჩებს თებერვალი გახადა.
გისოსია დედამიწა - ვეგლები.
სანამ კრუნჩხვამ სისხლძარღვებში გამხლართა,
ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი