მარა


შენი სახელია - მარა,
შენ ნამდვილი ხარ და მაშინ,
როცა ცას ღრუბელი ფარავს,
ანუ,
როცა ცივა ცაში,
ჩვენი სახლის კედლებს ათბობ.

შენი სახელია - მარა,
ჩემი ცოლი ხარ და როცა,
სულში მივარდება ქარი
და ჭუჭყით მევსება ხორცი,
არასოდეს მტოვებ მარტო.

შენი სახელია - მარა,
მზისკენ გაქცეული მკერდით
ათას საიდუმლოს მალავ
და შენს აღმოსავლურ კერტებს
რკალავს ჩრდილოეთის ქარი.

შენი სახელია - მარა,
ქალი ხარ, უფრო კი ბავშვი,
ნეკნი არ ვიცი და მალა
ხერხემლის, როცა ხარ სახლში -
ქუჩას ეფინება შუქი.

შენი სახელია - მარა,
ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,
არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,
გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი
ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი