რიცხვი ოცდაექვსი ფერი წითელი
ვის ეფერება ეს ცხოვრება, კარგი რა მართლა, გაემეტები, მოგადგება, გირტყამს და გაგდებს, სხვა შეიძლება ვერაფერი, ამას კი ნაღდად ვხედავ და მახსოვს ბოლო ფსონი ტკივილზე დავდე. რიცხვი? სამჯერ რვა - ოცდაოთხი, ფერი - წითელი, დააწყობ "ფიშკებს", ვიღაც ისევ უკან ალაგებს. ფორტუნამ ყალბი განაჩენი გამოიტანა, როცა ეგონათ მოიგოო, მაშინ წავაგე. მაგრამ ამ აზარტს, სიჯიუტეს, ჟინს არ მოვეშვი, ვგრძნობდი ყოველთვის განსხვავებას, იღბალს იშვიათს. რა ვქნა, არ მხიბლავს, ვერ ვიგუე ცურვა მდორეში, ყოველთვის იმას ვეტანები, რასაც მიშლიან. ახლა რიცხვია ოცდაექვსი, ფერი - წითელი, ჰო, დრო იცვლება, ძველებურად მე ვარ უცვლელი, ნახშირორჟანგი ფილტვებიდან ამოვიტანე და ჩემზე ფიქრით ისევ სტკივა სიკვდილს მუცელი. ჰოდა, სტკიოდეს, დღეს ცხოვრება არის ჰაერი, ძირს დაგდებული დედამიწა ფეხზე მოვირგე, რადგან განგება მაინც არის რაღაცნაირი, ყველას ჰგონია წააგოო, მე კი... მოვიგე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი