შეიძლება ათასები გკითხულობდნენ ..


შეიძლება,
ათასები გკითხულობდნენ,
მაგრამ თვითონ,
სულ რამდენიმე კაცს თუ წაუკითხავ საკუთარ ლექსებს.

ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ღირს _
ჯვარს ეცვა.
ტყუილია დანარჩენი.

ღამდება,
ექვსივე მხრიდან ღამდება.
ღამდება ჩრდილოეთიდან
და ღამდება სამხრეთიდან,
ღამდება დასავლეთიდან
და ღამდება აღმოსავლეთიდან,
ღამდება მიწიდან და ციდან ღამდება.

როგორ გითხრა,
სად ვარ.
ვინ ვარ _ გეუბნები.

გული თუ გტკივა, გული ვარ,
სული გხდება და სული.
არ არსებობს დასასრული
და ჩვენ ბოლომდე უნდა ვიაროთ,
მუხლები და იდაყვები რომ გადაგვიტყავდეს,
ბოლომდე.

ფაფუკი ფეხისგულები აქვთ დღევანდელ პოეტებს.

ყველა საღამო დამავიწყდა,
ერთის გარდა.
საზიზღარ წვიმაში,
ჩემს ოთახს შეფარებულებმა
ცარიელი ნივრის კბილები რომ ვჭამეთ.
უკვე გვიან კი,
სახლში წასვლისას,
პოლიეთილენის პარკი მივეცი
საწვიმრის ნაცვლად.
ორივემ ვიცოდით,
რომ ვიღაცებს ესეც არ ჰქონდათ
ქუჩაში ეყარნენ უპატრონოდ და თითებს იჭამდნენ.

სიმართლე ყოველთვის პათეტიკურია
და ყოველთვის გამაღიზიანებელი.

ათასგან იყავი
და ყველამ დაგიტოვა თავისთან.

პოეზია ზოგჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმია,
საშინელი ფინალით.
მავთულხლართის მოძრაობაა შენს ყელზე _
აქეთ და იქით.

სუნთქვა თუ არ გყოფნის და სათქმელს არ წყვეტ,
დაიხრჩობი,
დაიხრჩობი და სხვები ისუნთქებენ შენს მათდამი,
შენს მთელი დედამიწისადმი,
შენს ღმერთისადმი სიყვარულს.

...

მე მხოლოდ ის მჭირდება,
რომ შენს მკლავებში მოვკვდე,
მე მხოლოდ ის მჭირდება,
რომ თუნდაც ერთხელ მოვკვდე შენს მკლავებში.

წყარო: www.facebook.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი