funeral tango
(პატარა მადმუაზელებს) ყველაფერი კარგად არის – მკვდარი ხარ. მე ვსვამ ურთულეს კითხვას: არის თუ არა – ეს ის მწვერვალი, საიდანაც ქვევით აღარ ეშვები და მხოლოდ ზევით მიფრინავ? უდიდესი მასწავლებლები მპასუხობენ – „შენ უკვე იცი“. მოკლედ – გუშინ საღამოს შევხვდით – მე, სულიერი კარიერისტი და პატარა უფლისწული. ვილაპარაკეთ პოეზიაზე, გადავიღეთ ფოტოები, ყველაზე კარგი წარსულისმეტყველის ფოტო გამოვიდა, მას კატა (სახელად – ბონდო) უჭირავს ხელში და გულზე ხის სათამაშო ორთქლმავალი კიდია, როგორც მე – ჩემს ფოტოზე – ვერცხლის პატარა ბეღურა ჩიტი და ვარსკვლავბიჭუნას – წმინდა გიორგის ხატი. მეღიმება, თქვენ კი – ტყუილად ცდილობთ გაიგოთ რამე, მხოლოდ ზოგმა იგრძნოს შეიძლება, სიმსუბუქე, უშუალობა, ჩვენი სინამდვილე და რომ – ყველაფერი კარგად არის – მკვდარი ხარ. შენს მაგივრად ღამეს ახლა სხვა ათევს, სხვა რა გზაა და მოუწევთ კაი ხანს მოლოდინი – საკრედიტო ბარათებს – პირველ რიგში, მათი მეტი გმართებდა, მერე მოვყვეთ – მოშურნეებს, პოეტებს, ერთ მეზობელს, ვინც პრობლემებს გმატებდა, ორ მეზობლის ბიძაშვილს და მოვედი – აქ გავჩერდეთ, რა ჩამოთვლით უკლებლივ – ან – რას მოგვცემს მათი ერთად თავმოყრა, ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ იმის უფლებას, ჩვენს ნებაზე სასხლეტს თითი გამოვკრათ – ორ ხიდს შუა, სუიციდის ქუჩაზე, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, თქვენ მაინც ნუ შეშინდებით, მადმ(უ)აზელ, ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ცხოვრება ავიწყოთ თქვენი თხელი, სიფრიფანა თითებით, თქვენს თვალებში მოციმციმე ოცნებით, არა! ჩვენ ვართ მზისბეღურა ჩიტები, მეღიმება, ვგრძნობდი – გაიოცებდით, დიახ, დიახ, უბრალოდ და მარტივად, უფრო მეტიც – თითქმის ჩვეულებრივად, ქუჩა-ქუჩა ლეკვებივით დავდივართ, მოგვწონს, როგორც კისკისებთ და… ძმები ვართ, ცოცხლები ვართ, ჰო, დამშვიდდით, ვიხუმრეთ, მე ჟიულიენს მეძახიან – ეს ისე, ზედვაკელო – შენ კეპი დაიხურე, აბუთიძე – ”ბონდო” მხარზე შეისვი. გვაპატიეთ, ახლა უნდა დაგტოვოთ, ფიზიკურად, მხოლოდ, ნუ მოიწყინეთ, ნახეთ – ახლა გუბეებში გავტოპავთ სამივე და თქვენ თუ გინდათ – იცინეთ. p.s. დავლიეთ ორი ლიტრი ლუდი და არ გვეყო. საჭმელი ფაქტიურად არ გვიჭამია. დავიშალეთ გვიან. აბუთიძე დარჩა შუაში, მე წავედი მარჯვნივ, ზედვაკელი – მარცხნივ. სახლში მისულმა გადავშალე ვამეხის წიგნი და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე – გადაიშალა ზუსტად იმ ფურცელზე, სადაც წერია: ”ისევ უძლური ირონია მეუფლება. მე მოვიკლავ თავს, როცა აღარ იქნება მოსალოდნელი ყველაფერი ის, რაც მოხდა. დინჯად, მშვიდად გავტენი იარაღს და ღიმილით ვესვრი ჩემს შუბლს. ”ეს იქნება ერთადერთი ღირსშესანიშნავი ამბავი, ჩემო გურამ, შენს ცხოვრებაში, რომელსაც შემდეგ ვეღარ აღიქვამ თუ გადმოსცემ” – ვეუბნები ჩემს თავს, ნერვიულად მეღიმება, მე ხომ ასე ძალიან მიყვარს კარგი ხუმრობა, როცა მარტო ვარ ხოლმე ჩემს თავთან დარჩენილი.”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი