გადარჩენის ალეგორია


“გუგულის გალობა ამაოდ ისმის, 
ჩვენში პოეტები აღარ არიან”
– მაცუო ბასიო

ქეთუს

ვიღაცა იტყვის, რომ თოვაა ალოგიკური,
შენ,
რა თქმა უნდა,
ღიმილს მოგგვრის მსგავსი ლოგიკა,
შენ დედამიწა ამრეზილი თვალით გიყურებს,
როგორც შეშლილი პოეტის ცოლს,
ბოლო მოჰიკანს.

შენ,
რა თქმა უნდა,
არ იქნები კანონმორჩილი –
შენს ხასიათში შტრიხებია ფერის ხულიგნურ,
შენს სიყვარულში მე მოვკალი ყველა მოცილე
და მათ მოწამის სახელები ჩამოვურიგე.

სადღაც – თერთმეტი ცის მიღმაა შენი სამყარო,
უფრო მარტივად – დედამიწა არის ფოიე,
შენს მაჯისცემას როცა ვუსმენ – დროა საპყარი
და თითებია – გადარჩენის ალეგორია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი