მივტრიალდეთ
შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი, ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია, მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად - ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან. ჰოდა, განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ, რა ვქნა, ჭრილობები მინდა გამიმთელდეს, მინდა შენს თვალებში ისე ჩამახედო, გულზე რაღა ვთქვა და - სულშიც გამითენდეს. წუხელ შენი სუნთქვა ვთვალე ათასამდე, ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი, მოდი, მომეკარი, სანამ დაგვთარსავდეს ბედი როკაპი და - ზურგით მივტრიალდეთ ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან, ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი, სანამ ვინმე ცუდმა ბედთან დაგვაბიზღა, ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი