პინგ-პონგი


"ცხოვრება პინგ-პონგია" 
- გურამ რჩეულიშვილი

მეგობარო,
ამ ცხოვრების ავ-კარგზე
წაგიკითხავ ლაო-ძის და ბო-ძიუს,
მერე,
როცა მოთმინებას დაკარგავ -
ერთი ღერი სიგარეტი მოვწიოთ.

აქეთ ისევ ძველებურად ღამეა,
სადღაც, ალბათ, რახანია გათენდა,
ღამეს მეტი მუღამი და შარმი აქვს,
მეგობარო,
ორი წუთიც გაჩერდი...

სხვა რა გითხრა -
ცხოვრებაა პინგ-პონგი,
გვაბურთავებს აქედან და იქიდან,
თეთრი ცისთვის ვიღადრავდით იოგებს,
ბოლოს მაინც შავმა მიწამ გვიყიდა.

დრო არის და დროულიც და...
გადის დრო,
რა იცი,
სად ჯანდაბაში მივცვივით,
მეგობარო,
დარჩი,
გული გაგითბო,
დარჩი,
თორემ მცივა შენი სიცივით.

დღეებს ისევ გულგრილობა გვიბურავს,
დედამიწა არ ეშვება მიქარვებს,
მეგობარო,
მაგ კარს ქარი მიხურავს,
შენ,
თუ ძმა ხარ,
მოუკიდე სიგარეტს.

წაგიკითხავ ამ ცხოვრების ავ-კარგზე,
ბო-ძიუს და ლაო-ძის და რა ვიცი,
ბევრი-ბევრი,
ორი წუთი დაკარგო,
მეგობარო,
სად გარბიხარ,
დაიცა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი