ქრიზანთემები

ბევრი არაფერი -
ოთხი კედელი და ერთი ტახტი,
საშუალოზე დაბალი ჭერი...
ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი,
უსურვილობის დაგედო ფერი.

ზიხარ კუთხეში,
მიყრდნობილი საკუთარ წარსულს,
გტკივა ბეჭები,
ოღონდ ეგ არა,
თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს,
ტკივილს ეჩვევი.

ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება,
ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული,
გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება -
მიფურთხებული.

ოხრად დადიან ქუჩა-ქუჩა დიდი გუდებით
კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები.

მაგრამ მოეშვი,
ყელამდე ხარ შენ შენს მორევში.

..

იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით,
აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები.